ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება. მან გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმდნენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, ახლის ჩამოყალიბების დროა. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დაამატა, რომ მას სურს უსაფრთხოების ახალი გარანტიები ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერებისგან. მისი თქმით, თუ უკრაინა არ მიიღებს განახლებულ უსაფრთხოების გარანტიებს ხელმომწერი მხარეებისგან - აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისგან და რუსეთისგან, 1994 წლის შეთანხმების ყველა დებულება ბათილი იქნება. შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ დათმო ბირთვული არსენალი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, მაგრამ რუსეთი მაინც შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა. ზელენსკიმ ასევე შესთავაზა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის მოწვევა უახლოეს კვირებში, უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით.


ამავე თემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები