ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას

„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.

„ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.

„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ემოციურ მიმართვაში მოუწოდა დასავლეთს, დადგეს უკრაინის გვერდით, რადგან რუსეთი მას შემდგომი შეჭრით ემუქრება.

უკრაინის ლიდერმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების ამბივალენტური დამოკიდებულება, რომლებიც დუმილს ინარჩუნებენ და განაცხადა, რომ მათ, ვინც უკრაინის გვერდით არ დგანან, უნდა „იფიქრონ კარმაზე". „ეს არ ეხება ომს უკრაინაში, ეს ეხება ომს ევროპაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ.

„უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები მოითხოვა. „უსაფრთხოების არქიტექტურა განადგურებულია, დროა, ახლის ჩამოყალიბების. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გადასვლა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ამავე თემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ახალი გარანტიები და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები მოითხოვა