ეს არ არის ომი უკრაინაში, ეს არის ომი ევროპაში - ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

„ორი დღის წინ, დონბასში, საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, სამართლებრივ ჭრილში, ეს ხაზი ჰყოფს უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისგან, მაგრამ რეალურად, ეს ხაზი მშვიდობასა და ომს ჰყოფს. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი, ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა NATO-ში, არამედ გაკვეთილებზე.

ზოგს ფიზიკის გაკვეთილი აქვს და ბავშვებს, რომლებსაც მისი ელენტარული კანონები ესმით, ხვდებიან, რამდენად აბსურდულია განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ხორციელდება. ზოგს მათემატიკის გაკვეთილი აქვს და ბავშვებს კალკულატორის გარეშეც კი შეუძლიათ, დათვალონ სხვაობა ამ სამი დღის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობასა და მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში უკრაინის მოხსენიებას შორის.

ვიღაცას ისტორიის გაკვეთილი აქვს და როდესაც სკოლის ეზოში ჩნდება ორმო, ბავშვებს უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომები დაივიწყა? სადამდე მივყავართ დაშოშმინების მცდელობას?“, - ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლა. ხსენებული სიტყვებით მან ისტორიის საშინელ გაკვეთილებზე მიუთითა.


ზელენსკიმ შეკრებილებს მიმართა, როგორ მოხდა, რომ ახლა ომი გრძელდება და ევროპაში 21-ე საუკუნეში ადამიანები იღუპებიან. 

„უკრაინას მშვიდობა სურს. ევროპას მშვიდობა სურს. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ბრძოლა, ხოლო რუსეთი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. ჩვენ შორის ვიღაც იტყუება. ეს ჯერ არ არის აქსიომა, თუმცა უკვე არც ჰიპოთეზაა“.

„მე უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობთ. ჩვენ ერთნაირად გვესმის პასუხი მთავარ კითხვაზე: როგორ მოხდა, რომ იქ ომი გრძელდება და ევროპაში 21-ე საუკუნეში ადამიანები იღუპებიან? რატომ გრძელდება ის მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს? როგორ მივაღწიეთ უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ცივი ომის შემდეგ? ჩემთვის, იმ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელმაც დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი, ათასობით ადამიანი და ახლა ხედავს 150 000 რუს ჯარისკაც, ტექნიკას და მძიმე იარაღს მის საზღვრებთან, პასუხი აშკარაა. მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მყიფეა. მას განახლება სჭირდება. წესები, რომლებზეც მსოფლიო შეთანხმდა ათწლეულების წინ, აღარ მუშაობს. ისინი ახალ საფრთხეებს ვეღარ უმკლავდებიან. ისინი არაეფექტურია მათ დასაძლევად. ეს ჰგავს ხველის სიროფის მიღებას, როდესაც გჭირდებათ COVID19-ის ვაქცინა“.

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

„უსაფრთხოების სისტემა შესუსტებულია და ისევ სუსტდება. გლობალურ დონეზე ქვეყნების ეგოიზმის, უპასუხისმგებლობის გამო. შედეგად, ზოგი დანაშაულს სჩადის, ზოგი კი, გულგრილი რჩება -  გულგრილობა იწვევს თანამონაწილეობას. უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპასა და მსოფლიოში თითქმის განადგურებულია. უკვე გვიანია რემონტზე ფიქრი. დროა, შევქმნათ ახალი სისტემა.

სიმბოლურია, რომ სწორედ აქ ვსაუბრობ ამაზე. თხუთმეტი წლის წინ, სწორედ აქ გამოაცხადა რუსეთმა თავისი განზრახვა, დაუპირისპირდეს გლობალურ უსაფრთხოებას. როგორი იყო მსოფლიოს პასუხი? დაზავება. რა შედეგი მოჰყვა? სულ მცირე, ყირიმის ანექსია და ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია. გაერო, რომელიც მშვიდობასა და მსოფლიო უსაფრთხოებას უნდა იცავდეს, თავს ვერ იცავს, როცა მისი წესდება ირღვევა; როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ანექსიას ახორციელებს გაეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ტერიტორიის. იმავდროულად, თავად გაერო უგულვებელყოფს ყირიმის პლატფორმას, რომლის მიზანია ყირიმის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვა.

კაცობრიობამ ეს ორჯერ გააკეთა, გადაიხადა ძალიან მაღალი ფასი - ორი მსოფლიო ომი. ჩვენ გვაქვს შანსი, დავარღვიოთ ეს ტენდენცია, ვიდრე ის კანონზომიერება არ გამხდარა. დაიწყეთ ახალი სისტემის აშენება, ვიდრე მილიონობით მსხვერპლს მივიღებთ. 21-ე საუკუნეში უცხოური ომი არ არსებობს. ყირიმის ანექსია და დონბასში ომი არის დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის.

და ეს არ არის ომი უკრაინაში, არამედ, ეს არის ომი ევროპაში. ეს ვთქვი სამიტებსა და ფორუმებზე 2019 წელს. 2020 წელს. 2021 წელს. გაიგო თუ არა მსოფლიომ საბოლოოდ ეს 2022 წელს?ეს ჯერ არ არის აქსიომა, თუმცა უკვე არც ჰიპოთეზაა. რატომ? საჭიროა მტკიცებულება. მტკიცებულება უფრო რთულია, ვიდრე სიტყვები Twitter-ზე, ან განცხადებები მედიაში. საჭიროა მოქმედებები. მსოფლიოს სჭირდება ისინი და არა ჩვენ“. 


ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო დუმილს ამჯობინებენ.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა პარტნიორების მხარდაჭერა. მივიღეთ ასობით თანამედროვე იარაღი და 5000 ჩაფხუტი. ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის საქველმოქმედო შემოწირულობა, რომელსაც უკრაინა ითხოვს. ეს არ არის კარგი ჟესტი, რისთვისაც უკრაინამ ქედი მოიხაროს. ეს არის თქვენი წვლილი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში. უკრაინა კი რვა წელია, ამ უსაფრთხოების ფარია.

რვა წელია, ის აკავებს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას. ეს არმია ჩვენს საზღვრებთან დგას და არა ევროკავშირის. და GRAD-ის რაკეტები მარიუპოლისკენ იყო გადასროლილი და არა ევროპის ქალაქებისკენ. თითქმის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ, ფრანკფურტის კი არა, დონეცკის აეროპორტი განადგურდა. არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, როგორია სამხედრო პანაშვიდების გამართვა ყოველდღე ყველა რეგიონში. არცერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, როგორია დაღუპულთა ოჯახებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა“.


უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მიმართა, ომის თარიღების დასახელების ნაცვლად, უკრაინისთვის ალიანსებში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებაზე იფიქრონ.

„უკრაინის ნამდვილად დასახმარებლად, თქვენ არ გჭირდებათ, მუდმივად ისაუბროთ შესაძლო შემოჭრის თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, პირველ მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ყველას კარგად ესმის, რომელ თარიღებზეა საუბარი. რვა წლის წინ, უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა ამისთვის სიცოცხლე გასწირა. რვა წლის შემდეგ, უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივების აღიარებას?

2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა თქვას და საქმით დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს, რომ მათი მოქალაქეები დადებითად აფასებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას? რატომ ვერიდებით ამ კითხვის დასმას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს?

იგივე ეხება NATO-ს. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა. თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელნი ამის შესახებ. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლების განმავლობაში დახურული საკითხები. მადრიდის შემდეგი სამიტი საუკეთესო დროა სიმართლისთვის.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს, რათა ყირიმი ძალის გამოყენებით დაიბრუნოს. კარგია, რომ მათ რიტორიკაში ჩნდება სიტყვები „დაიბრუნე ყირიმი“. მაგრამ მათ არასწორად წაიკითხეს NATO-ს წესდების მე-5 მუხლი: კოლექტიური ქმედება არის დაცვა და არა თავდასხმა. 


ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს ტერიტორიების დაბრუნებას.

„უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყირიმს და დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ვისწრაფვით რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ. ხაზს ვუსვამ: მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. არც კი ვიფიქრებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ძალისმიერ გზაზე.

რა ხდება რეალურად სამშვიდობო პროცესში? ორი წლის წინ, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე საფრანგეთის, რუსეთის პრეზიდენტებთან და გერმანიის კანცლერთან. უკრაინა მას ემორჩილება, მიუხედავად მუდმივი პროვოკაციებისა მეორე მხარის მხრიდან. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ახალ წინადადებებს ნორმანდიის ფორმატისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. რას ვხედავთ პასუხად? ჭურვებსა და ტყვიებს. ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 

ბოლო ორი დღე განსაკუთრებით საყურადღებოა. მინსკის შეთანხმებით აკრძალული მასიური თავდასხმები იარაღის გამოყენებით. ეუთოს წვდომა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია. მათ ემუქრებიან. დაშინებულები არიან. დაბლოკილია ყველა ჰუმანიტარული საკითხი.

ორი წლის წინ, ხელი მოვაწერე კანონს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის დაკავებულებთან უპირობო წვდომის შესახებ. მაგრამ მათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ეკრძალებათ. რუსეთმა პროცესი დაბლოკა პატიმრების ორი გაცვლის შემდეგ, თუმცა უკრაინამ შეთანხმებული სიები წარადგინა.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს არ სურს დიალოგის წარმოება. გუშინ და დღეს, უკრაინა დაჟინებით მოითხოვს TCG-ის სხდომის ჩატარებას. გუშინ და დღეს, რუსეთი უარს ამბობს მის ჩატარებაზე. მოვითხოვთ მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ განბლოკვას. კერძოდ, ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობის ძიება მხოლოდ ამ ფორმატებით შემოიფარგლება. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ ომის დასრულების გასაღები ყველა შესაძლო ფორმატსა და პლატფორმაში. პარიზი, ბერლინი, მინსკი. სტამბოლი, ჟენევა, ბრიუსელი, ნიუ-იორკი თუ პეკინი - არ აქვს მნიშვნელობა, სად შევთანხმდებით უკრაინაში მშვიდობაზე. არ აქვს მნიშვნელობა მოლაპარაკებები ოთხი ქვეყნის მონაწილეობით იმართება, შვიდი თუ ასი. მთავარი ის არის, რომ მათ შორის უკრაინა და რუსეთი არიან. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის იმის გაგება, რომ არამხოლოდ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, არამედ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობა და მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოუწევთ თუ არა NATO-ს ქვეყნებს ერთმანეთის დაცვა? მინდა მჯეროდეს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება და მე-5 მუხლი უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიოს მესამე ბირთვულ შესაძლებლობებზე უარის თქმის გამო. ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი, არ გვაქვს დაცვა. არც ტერიტორიის ნაწილი გვაქვს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარია, ნიდერლანდები ან ბელგია. 

მაგრამ არის რაღაც, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ დამშვიდების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლა. 2014 წლიდან უკრაინამ სამჯერ სცადა, მოეწვია კონსულტაციები ბუდაპეშტის მემორანდუმის გარანტორ ქვეყნებთან. სამივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დღეს უკრაინა მეოთხედ ცდის. მე გადავდგამ ჩემს პირველ ნაბიჯს, როგორც პრეზიდენტი, მაგრამ მე და უკრაინა ამას ბოლოჯერ ვაკეთებთ.

მე ვიწყებ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში. მათი მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა. თუ ისინი არ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინას ექნება სრული უფლება, დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს და 1994 წლის ყველა პაკეტის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

მე ასევე გთავაზობთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის მოწვევას უახლოეს კვირებში უკრაინის, გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით, ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად და უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი, ეფექტური გარანტიების შემუშავების მიზნით მაშინ, როცა ჩვენ არ ვართ თავდაცვის ალიანსის წევრი და ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ნაცრისფერ ზონაში - უსაფრთხოების ვაკუუმში“. 


სიტყვის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი სვამს შეკითხვას, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნდა გაგრძელდეს უკრაინისა და მისი თავდაცვის შესაძლებლობების ეფექტური მხარდაჭერა.

„მკაფიო ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფა, კანდიდატი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების ჩათვლით, ალიანსში გაწევრიანების მკაფიო და ყოვლისმომცველი ვადის გათვალისწინებით, რათა ხელი შევუწყოთ ტრანსფორმაციას ჩვენს ქვეყანაში. შევქმნათ მდგრადობისა და აღდგენის ფონდი უკრაინისთვის და სესხის-იჯარის პროგრამა ჩვენი არმიისთვის მოწინავე იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებისთვის.

შემუშავდეს პრევენციული სანქციების ეფექტური პაკეტი რუსეთის ფედერაციის შეკავების მიზნით. უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი ინტეგრაცია ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე, იმ დროს, როცა Nord Stream 2 გამოიყენება იარაღად. ყველა ამ კითხვას პასუხი სჭირდება. ვიდრე სამაგიეროდ სიჩუმეა, ფრონტზე დუმილი არ იქნება. უკრაინის აღმოსავლეთით. ანუ ევროპაში. ანუ მთელ მსოფლიოში.

იმედი მაქვს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს ამას. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. სიტყვებით, დეკლარაციებით, კონკრეტული დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად დგას, ვინც დადექით სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს. სახელებს არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, სხვა ქვეყნებს შერცხვეთ, მაგრამ ეს მათი არჩევანია, მათი კარმაა, ეს მათ სინდისზეა.

თუმცა, არ ვიცი, როგორ აუხსნიან ისინი დღეს უკრაინაში მოკლულ ორ და დაჭრილ სამ ჯარისკაცს თავიანთ ქმედებებს. და რაც მთავარია - სამ გოგოს კიევიდან. ერთი 10 წლისაა, მეორე 6-ის, მესამე კი, მხოლოდ ერთი წლისაა. დღეს მათ მამა დაკარგეს, ცენტრალური ევროპის დროით 06:00 საათზე...

როდესაც უკრაინელი დაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი ანტონ სიდოროვი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის დროს, არ ვიცი, რაზე ფიქრობდა სიცოცხლის ბოლო მომენტში, მაგრამ მან ზუსტად იცის პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც მე დავსვი დასაწყისში.

მან ზუსტად იცის, რომელი ჩვენგანი იტყუება. მშვიდობით განისვენოს. მშვიდად განისვენოს ყველამ, ვინც დღეს და ომის დროს დაიღუპა. ჯოჯოხეთში დაიწვას ყველა, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება. ყველას დიდება, ვინც იბრძვის და განაგრძობს ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას!“.