სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების ძალისხმევისთვის“ აქებს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მაკრონის პრეზიდენტობის დროს „სომხეთსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა“ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე ავიდა. ფაშინიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2025 წელს სომხეთში მაკრონის ვიზიტი შედგება.
„გულითადად ვიხსენებ ჩემს ვიზიტს პარიზში 7 დეკემბერს და ჩემს მონაწილეობას ღვთისმშობლის ტაძრის ამაღელვებელ და სიმბოლურ გახსნაში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მეგობარ საფრანგეთს და ასევე, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პირადი ძალისხმევისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც მიმართულია სომხეთის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის,“ წერს ფაშინიანი მაკრონისადმი დაბადების დღის მისალოც წერილში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელსაც დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს პარიზთან, საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ. 2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს, შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ხელისუფლება, რომელსაც ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საფრანგეთის პოზიციების, მათ შორის, იარაღის მიწოდების გამო უპირისპირდება.
„იარაღი, რომელსაც მაკრონის მთავრობა აწვდის სომხეთს, არის თავდასხმითი იარაღი, ლეტალური იარაღი, რაც ტაქტიკურ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს,“ - განაცხადა ალიევმა.
18 დეკემბრის ინტერვიუ ალიევთან რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის - „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости) ჩაწერა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა.
ამ ინტერვიუში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დადებითი მოვლენა იყო 2022 წლის 22 თებერვალს [უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე] მისი და ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთ-აზერბაიჯანის „სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერა.
„მას შემდეგ სიტუაცია ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში საკმაოდ შეიცვალა. მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენს რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე… ეს უფრო მაღალი ფორმაა თანამშრომლობის, იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნები ვართ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში,“ - განაცხადა ალიევმა, რომელიც ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს - მან მაკრონი კვლავ გააკრიტიკა.
„კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს როგორც აზერბაიჯანის ისე სომხეთის პრეზიდენტებმა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 11 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.