ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 63%-ით გაიზარდა და მან 4,1 მილიონ ტონას მიაღწია.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ცნობით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში TITR-ით საკონტეინერო გადაზიდვები 2,6-ჯერ გაიზარდა და მან 50 500 TEU შეადგინა.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აგრძელებს სტაბილურად ზრდას, რასაც ადასტურებს გამტარუნარიანობის ზრდა წელიწადში 6 მილიონ ტონამდე, მათ შორის, 100,000 TEU კონტეინერის ტრანსპორტირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს სიმძლავრის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, “ - აცხადებენ სამინისტროში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთში, ყაზახეთში, კასპიის ზღვის ზონაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და შემდგომში გადაჭიმულია თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.