საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს შეხვედრა ემსახურებოდა მხარდაჭერის და სოლიდრარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას უკრაინელი მეგობრების მიმართ.
„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები აცნობიერებენ ამას. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერნი არიან საქართველოს პოზიციის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან.
„აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაინც არსებობს კიდევ საშუალება, რომ დიპლომატიური გზით მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე განვითარება, ანუ ომი და ინტერვენცია და რა თქმა უნდა, ამას ექნება უმძიმესი შედეგები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინისთვის, მაგრამ მთლიანად ევროპული რეგიონისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის და ევროპისთვის და საერთო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უსერიოზულესი გამოწვევა იქნება.
ის ფაქტი, რომ მთლიანად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკრაინის თემატიკის ირგვლივ იყო გაერთიანებული, არავის არ გაკვირვებია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა დასავლელი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, NATO, მაქსიმალურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ომი იყოს თავიდან აცილებული და ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება მათი მცდელობები.
ყველა ერთხმად აფიქსირებს, რომ მიუღებელია დღევანდელ მსოფლიოში საუბარი გავლენის სფეროებზე და იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას აქვს უპირატესი უფლება, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. ამაში ყველა თანხმდება და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ იყო გაჟღერებული, ყველა ჩვენი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის იქნებოდა, თუ ჩემი შეხვედრა და ასევე ცალკე პანელი, რომელიც საქართველოს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძირითადი პანელი იყო უკრაინაზე ფოკუსირებული, ის, რომ საქართველოს თემატიკაც იყო ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არ არის დავიწყებული, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამხრეთ კავკასია, რადგანაც სამხრეთ კავკასიაც გარკვეულწილად მოწყვლადია.
ოკუპაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესია და ამიტომ, ყველაფერს აქვს შესაბამისი გავლენები, სწორედ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი, ამიტომ, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარე საფრთხეები და სწორედ ამ კონტექსტში იყო საუბარი იგივე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს ამ მცდელობებს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით.
მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.