გენადი ბესტაევი დაკრძალეს

გენადი ბესტაევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გარდაიცვალა, 20 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში დაკრძალეს.

გენადი ბესტაევი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში 2021 წლის 16 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სპეციალური განცხადება ნოემბერში გაცრცელდა, რომლის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა.

სუს-ი იუწყებოდა, რომ „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს 2021 წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს.