შალვა პაპუაშვილმა ზელენსკის მიერ კრიტიკულ სიტყვაში საქართველოს შესაძლო მოაზრება გამორიცხა

მოიაზრებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა, ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 20 თებერვალს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველო არ უგულისხმია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

„სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ მნიშვნელოვანია ომის არდაშვება - რეზოლუციის შინაარსიც ეს იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინაში ახალი ომი თავიდან ავირიდოთ. ეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას იმაში, რომ არ მოხდეს ახალი ომი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპირისპირო შთაბეჭდილება დარჩა ოპოზიციას.

„მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება“, - განუცხადა მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.


მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. სიტყვებით, დეკლარაციებით, კონკრეტული დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად დგას, ვინც დადექით სიმართლის და საერთაშორისო სამართლის მხარეს. სახელებს არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, სხვა ქვეყნებს შერცხვეთ. მაგრამ ეს მათი არჩევანია. მათი კარმაა, მათ სინდისზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.