კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოქმედდება

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დაუყონებლივ ამოქმედდება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ National Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი სანქციების პაკეტი მზად არის. ჩვენ ვიმუშავეთ აშშ-სთან, ვიმუშავეთ დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთანაც და ვუზიარებდით ინფორმაციას ევროკავშირს", - განაცხადა მინისტრმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგი სანქციები მოიცავს მკაცრ ზომებს და ის გამიზნულია კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ჯოლიმ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ მექანიზმი მოიცავს მაგნიტსკის საქმის მსგავს სანქციებს, რაც გულისხმობს აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას.

„მაგნიტსკის აქტი“, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს, შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს მიიღო.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.

ამავე თემაზე

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა