ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.
„ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მის გადაყვანას მოითხოვს უკრაინაში სამედიცინო დახმარების გაწების მიზნით.
„იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში ჩემზე თავდასხმა მოხდა, რომლისგანაც ბევრად უფრო მეტად დავზარალდი, ვიდრე თუნდაც გზაში რაც მოხდა იმასთან შედარებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინის ხელისუფლების სახელით მოითხოვა ჩემი გადაცემა მკურნალობისთვის უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებით, რადგან საქართველოში პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაციის და მკვლელობის აბსოლუტურად დღესავით ნათელი პროცესი“, – განაცხადა სააკაშვილმა.