თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შავლა პაპუაშვილთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და უკრაინის საკითხი განიხილა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი იმყოფება. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, და დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება.

„მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც მუსტაფა შენთოფის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების წარმატებულ პრაქტიკას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაესვა უკრაინაში დეესკალაციის აუცილებლობას და ომის თავიდან არიდებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია“, - აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.