ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში, ეს პირველი ნაბიჯია, ჩვენ ერთად ვდგავართ“, – ამ სიტყვებით აღწერა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხებათ.


შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.