ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის მოხვდა ორი ფინანსური ინსტიტუტი (VEB, Russian Military Bank). ახალი ზომა შეეხება რუსეთის სუვერენულ ვალსაც. ბაიდენი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობის ჩამოშორებას დასავლური ფინანსებისგან.

„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობით დღეს მე ვაცხადებ სანქციების პირველ ტრანშს, რომელიც რუსეთს გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ დაეკისრება. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გაფართოებას რუსეთის მიერ სიტუაციის ესკალაციასთან ერთად. ჩვენ ვაწესებთ სრულ ბლოკადას რუსეთის ორ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის მთავრობა დასავლეთის ფინანსებს მოვკვეთეთ.

ის ვეღარ შეძლებს დასავლეთიდან ფულის მოზიდვას და ვაჭრობას ახალი ვალით ჩვენსა თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან, და ეს მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა იზიარებდნენ სასჯელსაც. რუსეთის ქმედებების გამო ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი უკრაინის „არსებობის უფლებაზე“ თავდასხმასა და უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. როგორც თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, პუტინის გამოსვლამ აჩვენა, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპის უსაფრთხოებაზე „ნამდვილი დიალოგის“ მიმართ. 

  • ის აშკარად იმუქრებოდა, თუ მისი უკიდურესი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. 

ბაიდენის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობენ.

  • ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის მხარდასაჭერის საკითხში. ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ერთიანი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, დავიცვათ ჩვენი NATO-ს ალიანსი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას, მაგრამ პირობას დებს, რომ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ მონაკვეთს. „სისხლი არ გჭირდება, თუ ომის დაწყებას არ აპირებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ამ სიტყვებით მიუთითა ცნობებზე იმის შესახებ, რომ რუსეთი აგროვებდა სისხლის მარაგს უკრაინის საზღვართან.


„თავდაცვით ნაბიჯები“ ბალტიისპირეთში

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალების დამატებით გადანაწილებას აღმოსავლეთ ევროპაში. განაცხადა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია განლაგებული, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

  • ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოქმედებებია. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან ბრძოლის განზრახვა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

ბაიდენი იმუშავებს გერმანიასთან, რათა დარწმუნდეს, რომ Nord Stream 2 არ განხორციელდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმუშავებს გერმანიასთან, რათა Nord Stream 2 წინ არ წავიდეს. 

  • რუსეთი გადაიხდის კიდევ უფრო მძიმე ფასს, უფრო მკაცრი სანქციების ჩათვლით, თუ ის განაგრძობს აგრესიას.

რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ჯო ბაიდენი სვამს შეკითხვას, ვინ მისცა პუტინს უფლება, გამოაცხადოს დამოუკიდებელ ქვეყნებად ტერიტორიები, რომლებიც მის მეზობლებს ეკუთვნის.

  • ეს არის „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მოითხოვს მტკიცე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავაწესებთ საპასუხო სანქციებს, რომლებიც იქნება გაცილებით უფრო ხისტი, ვიდრე ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა 2014 წელს დავაწესეთ, ხოლო თუ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ შეჭრას, ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავამკაცროთ სანქციები.