იენს სტოლტენბერგი: მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა

მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

NATO-უკრაინის კომისია შეიკრიბა ბრიუსელში 22 თებერვალს, საგანგებო სხდომაზე, რათა განეხილა უსაფრთხოების ვითარება უკრაინასა და მის გარშემო.


გენერალური მდივანი მიესალმა NATO-ს მრავალი მოკავშირის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს და გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია მოახდინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება. ამავდროულად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა.

  • ეს სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა რუსეთის მხრიდან. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ ვაქებთ უკრაინას თავშეკავებისთვის, რომ არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

  • ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს ყველაზე საშიში მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კვლავაც მტკიცედ დგანან.