აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
- დღეს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ინფორმაცია მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე შეერთებული შტატების პასუხის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა შეერთებული შტატების მზადყოფნა, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა.
ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.