თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, პარლამენტში, მიუსაფარი ცხოველების შესახებ კანონპროექტი მუშავდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, მიუსაფარი ცხოველების ირგვლივ არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს დაარეგულირებს.
„პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე – „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რაც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს: ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაა.
„მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით – სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.