რომის პაპის თქმით, უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის საფრთხემ მის გულში დიდი ტკივილი გამოიწვია და პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავიანთ ქმედებებთან დაკავშირებით ღვთის წინაშე სინდისი სერიოზულად გამოიკვლიონ.

„დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, სულ უფრო და უფრო საგანგაშო სცენარები იხსნება. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტანჯვა გამოიწვიოს ხალხისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 

21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.