დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზადაა, უკრაინას „რუსეთის აგრესიის ქარიშხლის“ გადატანაში დაეხმაროს და გამოუყოს მას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი და დამატებითი სახსრები.
„ჩვენს სიტყვას საქმე მოჰყვება და ვიყენებთ ბრიტანეთის ეკონომიკურ გამოცდილებას და ამ ქვეყნის ძალას იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.