კელი დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს განხილული თემების შესახებ იუწყება. კელი დეგნანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე აშშ-ში მიღებულ ინფორმაციას გვიზიარებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი ფოკუსირებულია მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთოხების გასაუმჯობესებლად, ეს მოიცავს საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც გავაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.



ამერიკის ელჩის თქმით, ქართველებმა, უკრაინელების მსგავსად, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტერგრაციის გზა.

  • შეერთებულ შტატებში არის ქართველი ხალხისა და თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულს.

 

  • ამ კვირის განმავლობაში ჩემ მიერ გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ.

 

  • ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ - ეს არის სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად ინტერგრირებულია ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში.

ელჩი საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს. კელი დეგნანი შეხვდა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. ასევე გამართა შეხვედრები ამერიკა - საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. 

„ცხადია, ბევრ საკითხს შევეხეთ და ვფიქრობ, დრო განსაკუთრებით კარგად იყო შერჩეული, რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით“, - აღნიშნავს ელჩი.