რეზოლუციის გარდა არის თუ არა ნაბიჯები, რითაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და მიუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, ამ შეკითხვებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს.
„ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით.
- ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს.
„მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე. ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებული არის ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე დგას და ჯერჯერობით იგი ძალიან მტკიცე თავშეკავებას იჩენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.
- ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ, რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა.