სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს

ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის, დღეს, როცა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს დღე საქართველოსთვისაც ტრაგიკულია.

სალომე ზურაბიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს.

პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია საკითხი განხილული იყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ან უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს, ხელის მოწერით დაეთანხმოს მის დანიშვნას.

  • საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით.

„დავიწყებ იმით, რომ ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, გავაუქმე, რამეთუ ეროვნული თანხმობის ერთი საკითხი გვაქვს: ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა. დღეს უკრაინისთვის ტრაგიკულია დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას.

ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში. ომი ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტს - პრეზიდენტს ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლების დღეს შეეწირნენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და სხვა მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას: დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.