შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებული ენტონი ბლინკენი, მის მომავალ უწყებას ეწვია. საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ამერიკის საგარეო უწყებაში, რითაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტშიც ოფიციალურად დაიწყო. წერს „ამერიკის ხმა“.
ვეტერანმა დიპლომატმა, ენტონი ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში კვირის ბოლოს გამართულ სხდომებში, ბრიფინგებსა და შეხვედრებში. ეს გარდამავალი პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი, პოსტის გადაბარებისთვის წინასწარ, რამდენიმე ხნით ადრე ემზადება.
მაიკ პომპეო, მოქმედი სახელმწიფო მდივანი, ამჟამად კარანტინშია, მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, უკვე მოხდა თუ არა ბლინკენის და პომპეოს შეხვედრა ვირტუალურად.
გავრცელებული ინფორმაციით, პომპეომ ტესტი მაშინვე აიღო, მაგრამ კორონავირუსი მას არ დაუდასტურდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოთხშაბათს მხოლოდ ის თქვა, რომ პომპეო კარანტინში გადავა და უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტთა მომდევნო კითხვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას სიმპტომები.
ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდის პრესსპიკერი ამბობს, რომ ისინი ყველა ვიზიტის დროს, COVID19-ის პროტოკოლს მკაცრად იცავენ. ტონი ბლინკენთან დაკავშირებით, მან ისიც განაცხადა, რომ მომავალი სახელმწიფო მდივანი პერიოდულად პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტს ბლინკენის ვიზიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს ელექტრონული წერილებით აცნობეს, რომ მათ დეპარტამენტში გარდამავალი პერიოდი დაიწყო. საგარეო უწყებაში შეიქმნა სპეციალური გუნდი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლების გადაბარებაში დაეხმარება.
„ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯერ ამერიკის მომავალმა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვეტერან დიპლომატს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნება, თუნდაც სენატის კონტროლი, იანვრის მეორე ტურის შემდეგ, ისევ რესპუბლიკელებს დარჩეთ.
ბლინკენის ხანგრძლივი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პოსტს სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიკავებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ენტონი ბლინკენი იყო პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილედ და 4 წლის განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველიც იყო ეროვნული უსართხოების მიმართულებით. ბლინკენი ბაიდენს საარჩევნო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბაიდენის მთავარი მრჩეველი და სპიკერი გახლდათ“, - წერს ამერიკის ხმა.