ზელენსკი: მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა თავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მინსკში მოლაპარაკებების გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს იმ ფონზე, როდესაც უკრაინას რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან ესხმის თავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის მოქალაქეებს მიმართა. ზელენსკის განცხადებით, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგად იღუპება ხალხი და ნადგურდება სახლები.

„თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში არ არსებობს არცერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები არ თვლიან მართებულ სამიზნედ, ყველას ებრძვიან, ყველა ცოცხალ არსებას ებრძვიან - საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი. ისინი იყენებენ სარაკეტო არტილერიას, რაკეტებს მთელი ურბანული ტერიტორიების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აქვთ და არასდროს ჰქონიათ სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის ბევრი ქალაქი ახლა უბრალოდ გადარჩა.

„ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ (ბელორუსი) ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში - და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


ასევე წაიკითხეთ: პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელორუსში ჩავიდა