ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი, რომელსაც სურს გაანადგუროს რუსეთი სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. რადიო თავისუფლების ცნობით, ლუკაშენკო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება.
„ამ სიტუაციაში ერთი რამ უნდა გესმოდეთ: არის ასეთი სანქციები. ახლა იქ [დასავლეთში] ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. გაზი, ნავთობი, SWIFT-ი. ეს ხომ ომზე უარესია. ეს უბიძგებს რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ. აქ უნდა იყვნენ თავშეკავებული, რომ არ შეცდნენ. იმიტომ, რომ ბირთვული ომი - ეს დასასრულია”, - ლუკაშენკოს სიტყვები მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
დღესვე, რეფერენდუმზე მისულმა ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც უკრაინაში ხდება, არა ომი, არამედ კონფლიქტია, რომელიც ომში ორ დღეში გადაიზრდება, სამ დღეში კი „ხორცსაკეპ მანქანად" გადაიქცევა.