მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წლიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ - მინისტრი, საქართველო შეერთებულია სანქციებზე ყირიმთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სანქციები არის ის უმწვავესი ზომა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა იყენებს. ზალკალიანის თქმით, სანქციებს ის დანიშნულება აქვს, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი.
"რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობითა და ცხოვრებით დამტკიცებული გვაქვს საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც საქართველოში ოკუპაცია ჰქვია. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს?", - განაცხადა ზალკალიანმა.
როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რომელიც უკრაინაში განახორციელეს. აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ? ბორელი რომ გამოდის და ამბობს, შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები? ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ევროპელ პარტნიორებს აქვს. ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში ვიხილე. არ მინდა თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები. არ მინდა დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა. არ მინდა ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს სატვირთო თვითმფრინავით აძევებდნენ რუსეთიდან.
ჩასაფრებულის პოზიციიდან ნუ ველაპარაკებით ერთმანეთს, ძალიან გვტკივა გული. უმძიმესი სიტუაციაა. მინდა, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გააცნობიეროს, უმძიმესი სიტუაციაა - არავის ვაშინებ, გეუბნებით რეალობას და რეალობა რომ არ მეთქვა, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა და არ ვიდგებოდი იქ, სადაც ვდგავარ", - განაცხადა ზალკალიანმა.
ასევე წაიკითხეთ:
ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში