პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო. ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს.
„უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს.
27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.