აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტმანეტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა აშშ-ის მოქალაქეებს აუკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან.

აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის ორ შვილობილ კომპანიასა და დირექტორ კირილ დმიტრიევს.

„ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობები, გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები, ასევე შეუზღუდოს რუსეთს წვდომა თავის კეთილდღეობის ფონდზე, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის არ გამოიყენოს. აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას, რომ რუსეთს მკაცრი შედეგები დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მიზნის ერთობლიობას, სიმტკიცეს და მზაობას, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი აგრესიისთვის, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა მათი არჩევანით დაწყებულ ომზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.