„დღეს არ ვიმსჯელებთ წევრობაზე, რადგან ჯერ უახლოეს საათებში რა უნდა გავაკეთოთ და როგორი პასუხი გავცეთ, ამაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას შეეხებოდა, რომ უკრაინა დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღონ ევროკავშირში.
„უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაჩაგროს მეზობელი სამხედრო ძალის გამოყენებით.
თუ ჩვენ ამის საშუალებას ვინმეს მივცემთ, მაშინ ეს იქნება ჯუნგლების კანონი. მე ვარ შენზე ძლიერი და მე შენ მოგკლავ, დავაწესებ ჩემს კანონს - ეს ჩვენთვის ევროპელებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. მე გავაკეთებ ყველაფერს ამის აღსაკვეთად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
28 თებერვალს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას, ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს.
ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს.
27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.
28 თებერვალს, საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს