ჰანს კლუგე: ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება

„ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება და დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა.

ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ახალ კორონავირუსზე საპასუხო ქმედებები, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში.

„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირებას ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, უდავოდ სანაქებოა. ჩვენ კლებადი მაჩვენებლების მომსწრენი ვართ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვია ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ზომებმა.

ახლა მთავარ გამოწვევად წინასაახალწლო თავყრილობები რჩება. დიდი შრომის შედეგად მოპოვებული შედეგი წყალში არ უნდა ჩაიყაროს წინასაახალწლო პერიოდში. მთელს ევროპაში შეინიშნება პანდემიური გადაქანცვა. გვესმის ხალხის განცდები, მაგრამ შობა-ახალი წლის წინასწარ მილოცვასთან ერთად მინდა საქართველოს მოსახლეობას ვუსურვო, უსაფრთხოდ გადაეტანოს ეს დღეები იმ პრინციპით, რომ თუ ჩემს თავს ვუფრთხილდები ე.ი. ჩემს ირგვლივ მყოფებსაც ვიცავ, რადგან მიყვარს ისინი”, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

რაც შეეხება გრძელვადიან თანამშრომლობას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის არეალის გაფართოების მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდის პერსპექტივებზეც.

„ეს რამდენიმე ასპექტს მოიცავს და მათ შორის მოიაზრება ციფრული ჯანდაცვა, მენტალური ჯანმრთელობა და მოსახლეობის დაცვა დაავადებებისგან. გვსურს, რომ ჯანმრთელობა იქცეს თაღოვან პრიორიტეტად, რაც იმის წინაპირობაა, რომ, კეთილდღეობის მქონე, ინკლუზიური და გამძლე საზოგადოება არსებობდეს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.