საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მან პირველ მარტს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის ორი საკვანძო მიზეზით: საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს; გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ მოხალისეების გაგზავნაში ხელშეშლას, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ უკრაინას.

მისი თქმით, არსებობს კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს.

„რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებას, დღესაც, მე-7 დღეს მიმდინარეობს ღია აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა არ ჩერდება, გრძელდება სროლა, სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმართულებით. დღეს ჩვენ მომსწრე გავხდით, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა კიევის ცენტრალური მოედნის მიმართულებით სროლა და ასევე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის მიმართულებით.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ყველა ეს ქმედება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს, რუსეთი წარმოადგენს ტერორისტ სახელმწიფოს. უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, როგორც კრიმინალები.

უკრაინის შეიარაღებული ძალები და უკრაინელი ხალხი მამაცად იცავს საკუთარ ქვეყანას. სიტუაცია არის რთული, მაგრამ ექვემდებარება კონტროლს. უკრაინის სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოიყენებს ყველა ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ეს ქმედებები. აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობა. უკრაინა იღებს საჭირო შეიარაღებას და ტექნიკას“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

რაც შეეხება რეზოლუციის დამტკიცებას, მისი შეფასებით, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან ძალიან მძლავრი და პოლიტიკური გამოხატულება უკრაინის სტაბილურობის მხრივ.

„სხვა მიმართულება უკრაინის თანამშრომლების საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე საქართველოსთან, არის ჰუმანიტარული დახმარება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ახლახანს გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონა. ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, რომელსაც ახლა ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. ცოტა ხანში, ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე საქმიანი წრეების და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის მადლობელი ვართ ამ მხადრაჭერისთვის, ჩვენ დღეს მას ვგრძნობთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა ქართული მედიასაშუალებების ცნობით.


ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია