რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, პუტინთან დახლოებულმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა ლონდონში პრესკონფერენცია გამართა, რაც მილიარდერების მხრიდან იშვიათი ნაბიჯია. ფრიდმანის პრესკონფერენციის გაშუქებისას, BBC აღნიშნავს, რომ ოლიგარქები პრესკონფერენციას ხშირად არ ატარებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ფინანსურად შეკუმშვის სტრატეგია დასავლეთისთვის სასურველ გავლენას ახდენს რუსეთზე. ასე არ ფიქრობს თავად ოლიგარქი, მიიჩნევს, რომ სანქციები კრემლს არ შეაჩერებს.
ფრიდმანმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ თავი აარიდა კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების დაგმობის შესახებ.
- „ეს იქნება არამხოლოდ „ჩემი პირადი რისკი, არამედ რისკი ჩემი კოლეგებისა და პერსონალისთვის. ათიათასობით თანამშრომელია რუსეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ გვყავს ათეულობით პარტნიორი და მე არ მაქვს უფლება, ყველა მათგანი რისკის ქვეშ დავაყენო“.
რუსმა ოლიგარქმა განაცხადა, რომ ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მოსკოვის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. აქვე აღნიშნა, რომ ომი ორივე მხარისთვის ტრაგედიაა.
ფრიდმანი ამით შეუერთდა კიდევ ერთ ბიზნესმენს, ოლეგ დერიპასკას, რომელიც მშვიდობის მოწოდებით გამოვიდა. BBC წერს, რომ დერიპასკა და ფრიდმანი ის ოლიგარქები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობენ.
უკრაინაში დაბადებული ფრიდმანი რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa-ს დამფუძნებელია და მართავს საინვესტიციო ფირმა LetterOne-ს, რომელსაც აქვს ფართო ინტერესები ნავთობისა და საცალო ვაჭრობის სფეროში.
მილიარდერმა თქვა, რომ სანქციები, რომლებიც ყინავს ზოგიერთ აქტივს და აწესებს მოგზაურობაზე აკრძალვას, გაუმართლებელია და ის მათ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ დაამატა, რომ სანქციებს, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ექნება სასურველი ეფექტი კრემლის შეკავებაში.
არის თუ არა ხარვეზები რუსეთში ბანკების ფუნქციონირებაში, ფრიდმანმა განაცხადა, რომ დიდი ზეწოლა იყო რუსულ ვალუტაზე, რუბლზე. მისი თქმით, ბევრი რუსი მიდიოდა ბანკებში რუბლის გამოსატანად, რომ დოლარი შეეძინა.
აღსანიშნავია, რომ ფრიდმანი მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გამოჩნდა. Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს.
პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი: ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს