Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ირიბ მუქარას“ უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერების კონტექსტში განიხილავს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის აზრით, პუტინის მიზანია, უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერა შეაფერხოს.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით მხოლოდ ირიბად დაიმუქრა. განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული ძალები მზადყოფნაში არიან. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის მზადყოფნის სტატუსში ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იარაღი ყოველთვის მზადყოფნაშია. ეს არ მიუთითებს მათი გამოყენების განზრახვაზე, არამედ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური მუქარა.
დიახ, ეს არის უკრაინაზე ზეწოლის გაზრდის გზა, განსაკუთრებით ევროპაში, NATO-ს წევრი სახელმწიფოების მეშვეობით, რომლებსაც ბირთვული ომის საფრთხე აშინებთ. პრეზიდენტ პუტინის არაპირდაპირი მუქარა რუსეთის სამხედრო დოქტრინის ნაწილია, რომელიც შემდეგ კონცეფციას ეფუძნება - რუსეთს სურს, იყოს დომინანტი აქტორი კრიზისის ესკალაციის გზით და შესაბამისად, ოპონენტის დამარცხებით. ამრიგად, მისი მიზანია კონფლიქტის ესკალაცია უკრაინასთან და უკრაინის მეგობრებთან ტრანსალტლანტიკურ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
მეთიუ ბრაიზა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მხოლოდ კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა აასეთ შემთხვევაში ალიანსის მხრიდანაც ადეკვატურ პასუხს ელის.
„NATO-ს სივრცეში კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში, (ვგულისხმობ თავდასხმას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, როგორიცაა, ესტონეთი ან ლატვია, რომლითაც ის NATO-სთან ომის პროვოცირებას მოახდენს) ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. NATO არასოდეს დაესხმება თავს რუსეთს, არ აქვს ამის სურვილი და გეგმა, მაგრამ თუ რუსეთის თავს დაესხმება NATO-ს, NATO ყველა საჭირო საშუალებით დაიცავს თავს, მათ შორის ბირთვული იარაღით, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან შორს ვართ ასეთი განვითარებისგან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში“.
რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
აშშ-ის რეაქცია
ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებული შტატები პუტინს პროვოკაციულ რიტორიკაში არ აჰყვა.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც მართებულად აკრიტიკებს პრეზიდენტ პუტინს პროვოკაციული ქცევის გამო, მაგრამ ასევე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ შეერთებულმა შტატებმა პუტინს არ უპასუხა პროვოკაციულად“.
მეთიუ ბრაიზას შეფასებით, რუსეთის სამხედრო გეგმა, უკრაინის დამარცხების სტრატეგიული გეგმა ჩაიშალა.
„პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ძალიან სწრაფ შეტევას და ფიქრობდა, რომ დაამხობდა უკრაინის მთავრობას, სწრაფად აიღებდა კიევს და ასევე დაიპყრობდა ძირითად ქალაქებს, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკა. მაგალითად, ხელში ჩაიგდებდა მარიუპოლის, ოდესის, ასევე, ხარკოვის პორტებს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია და მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია.
ამ ტაქტიკამ არ იმუშავა მრავალი მიზეზის გამო - დაზვერვის შესანიშნავი მუშაობა; რუსეთის სუსტი ლოგისტიკა, სუსტი დაგეგმვა, საშინლად არასწორი შეფასება უკრაინის შესაძლებლობების, იმისა, თუ რამდენად ძლიერად გაუწევდნენ უკრაინელები წინააღმდეგობას რუსეთის შეჭრას, ასევე, გაუგებრობის ან არასწორი წარმოდგენის იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებს მიესალმებოდნენ, როგორც განმათავისუფლებლებს და არა დამპყრობლებს.
ახლა ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიმართ უპრეცედენტო უმსხვილეს სანქციებს. რუსეთის ეკონომიკა ნადგურდება, ხალხი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული და გაბრაზებულია პრეზიდენტ პუტინზე, რადგან მან უთხრა რუს ხალხს, რომ დასავლეთი არ დააწესებდა ძლიერ სანქციებს, რადგან ის გაყოფდა NATO-ს, მას არ დაემუქრებოდა ეკონომიკური შედეგები და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა პუტინმა რუს ხალხს უთხრა, რომ ყირიმის მსგავსად სწრაფ და მარტივ გამარჯვებას მოიპოვებდა. მას სჯეროდა, რომ ზელენსკის მთავრობა დაინგრეოდა, მაგრამ ეს არ მოხდა. რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რუსეთის საზოგადოებაში პუტინის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე Europetime-თან.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.
განახლება
შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.