„საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არა, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს“, - ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამს.
ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს ადვილად შეუძლია, დაასნებოვნოს ადამიანები.
„საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანები.
სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა და ახალი წელი წმინდათა წმინდაა, მაგრამ შეზღუდვები არნახულად გამკაცრდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა უკვე ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გავრცელდა.