რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, ეს თემა განიხილა Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ. ექსპერტი პუტინის ნაბიჯის უკან შანტაჟს ხედავს. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ვიღაც მიიღებს გადაწყვეტილებას და ყველაფერი 5 წუთში ამოქმედდება.

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი ტექნიკა უნდა მოვიდეს მზადყოფნაში. დეტექცია, წინასწარ შეცნობა რომ ეს საფრთხე მზადდება, შესაძლებელია წინასწარ ეტაპზე, დღეს კი, ასეთი ნიშნები არ ჩანს. რაც შეეხება პოლიტკურ კონტექსტს, ის მიიჩნევს:

„მეორე საკითხია პოლიტიკური კონტექსტი და მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ბირთვული იარაღი რომ იყოს გადამწყვეტი (მაგალითად, გვსმენია, რომ მას ბირთვული იარაღი აქვს და გააკეთებს...), რუსეთი უკვე მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, რადგან მას უკვე აქვს ბირთვული იარაღი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ ბირთვული იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ლიმიტი, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონტექსტს, ამიტომაც ვერ დაიპყრო რუსეთმა მთელი მსოფლიო და ზოგადად, ასეთი მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ მიდის“, - მიიჩნევს თენგიხ ფხალაძე. ექსპერტის თქმით, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კომპლექსურ საკითხს მოიცავს. სჭირდება ელიტის თანხმობა და სხვა.

„თუკი ასეთი საკითხი თეორიულად მაინც მსჯელობის საგანი გახდა, არ მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ, პუტინს საფლავში ჩაჰყვნენ, იმიტომ, რომ ეს იქნება სრულიად შეურაცხადი ადამიანის გადაწყვეტილება, ნებისმიერი შერაცხადი ადამიანი იტყვის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას, (რაც არ უნდა მცირე, გამაფრთხილებელი მასშტაბები იყოს) მოჰყვება დამანგრეველი შედეგი ამ გადაწყვეტილების მიმღებისთვის, ისეთი დამანგრეველი შედეგი, რომ ვერასოდეს გასწორდება წელში მისი პოლიტიკური რეჟიმი, პასუხისმგებელი პირები“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სათუოდ მიაჩნია.


„პუტინს „უკან დასახევი“ გზა აქვს“

„ხშირად ისმის ხოლმე, რომ პუტინს, უფრო სწორედ რუსეთს „უკან დასახევი გზა“ არ აქვს, პუტინს თუ თავისი პირადი ეგო ახრჩობს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უკან დასახევი გზა როგორ არ აქვს?! რუსეთს ტერიტორიას არავინ ედავება, ეუბნებიან, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიებიდან გაიყვანე შენი ჯარები და მოიქეცი ისე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. დააკვირდით იმასაც, რომ ოლიგარქებისგან წამოვიდა პირველი გამოხმაურებები, იმიტომ, რომ მილიონებს კარგავენ, პუტინის რეჟიმი ხო ამაზე დგას?! ამ ხალხმა თუ ფული დაკარგა, ისინი მხარს პუტინს აღარ დაუჭერენ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

თენგიზ ფხალაძე უკრაინის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერაზე მიუთითებს, ამის პარალელურად, სანქციების შედეგად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს უსვამს ხაზს.

„წარმოიდგინეთ, ისტორიას არ ახსოვს, შვეიცარიამ დაარღვია ნეიტრალიტეტი და სანქციებში ჩაერთო. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში მხოლოდ უკრაინელები არ იბრძვიან, ესეც დიდ საერთაშორისო სოლიდარობაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე.


შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა.


შეგიძლიათ თუ არა დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, 3 მარტს, NBC-ის ამ შეკითხვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან.

ცნობისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ დრაიანმა 24 თებერვალს განაცხადა: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, მან უნდა იცოდეს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ჟან ივ დრაიანმა აქვე გამორიცხა NATO-ს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის დასაცავად.

„ყველა „ვინც შეეცდება რუსეთის შეფერხებას“, დაინახავს შედეგებს: „ასეთი თქვენს ისტორიაში არასოდეს გინახავთ“, პუტინის ეს განცხადება აღიქვა ფრანგმა მინისტრმა „ბირთვულ მუქარად“.


ასევე წაიკითხეთ: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა

რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი