ნინო ლომჯარია: საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე

"საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე", – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი როგორც კონსტიტუციურ ორგანოს მავალდებულებს, მივიღო ყველა ზომა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, მინდა შექმნილ ვითარებაზე ჩემი ხედვა დავაფიქსირო, რაც მათ შორის ეყრდნობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ბოლო თვეების თუ დღეების განმავლობაში მოსმენილის ანალიზს:

1. საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე;

2. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება! რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიეწვდინებათ გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში!

3. აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის!

4. ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს!

5. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა! შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს!

6. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს! ყველაფერი იქნება კარგად“, – წერს ნინო ლომჯარია.

ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო