ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მოვიდა ის დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„საქართველომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია განცხადებებით, ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროში, ეუთოსა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში. ეს არის საქართველოს მხარდაჭერისა და ევროატლანტიკური საზოგადოების გვერდით დგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ კრიტიკულ მომენტში. მთავარი, რაც ახლა უნდა დავინახოთ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთიანობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, მოვიდა დრო, როდესაც ყველამ გვერდზე უნდა გადადოს განსხვავებები, პოლარიზაცია, რადგან ეს არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ვნახეთ სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენაზეც ჰკითხეს. ელჩის თქმით, საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დროა და ამისთვის ქვეყნის შიგნით ერთიანობაა საჭირო.
„აშშ 30 წელზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, როგორც NATO-ს, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. მე ვფიქრობ, ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწიოს იმ რეფორმების გზით, რაზეც საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია შეთანმხდა და რომლებიც აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის NATO-სა და ევროკავშირში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხაზი მინდა გავუსვა, დროა ერთიანობის, დროა საქართველოს მომავალზე ფოკუსირების, დაპირისპირების გვერდზე გადადების, რაც არის განხეთქილების მომტანი და იწვევს პოლარიზაციას; რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ საით მიდის ეს ქვეყანა და რომ ერთად ვიმუშოთ საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქ იქნება და ახლა არის დრო რეალური პროგრესის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს რა თქმა უნდა, დიდ შრომას მოითხოვს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ, ჩვენ გვაქვს დიდი ნდობა თქვენ მიმართ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დავინახოთ, რომ თქვენი ერთიანობით მზად ხართ, ეს ახლა გააკეთოთ“, – “, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.