ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
მისივე თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
„ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე წაიკითხეთ: