უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი რისკების საპასუხოდ, NATO საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის ფონზე, საქართველოს და ბოსნია და ჰერცოგოვინის მიმართ მხარდაჭერია გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე 4 მარტს განაცხადა. მან დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უმასპინძლა.

„NATO-ს მინისტრებმა დღეს განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რუსეთის აგრესიამ შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში კონფლიქტის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ არის სასწორზე. როგორ ავაწყობთ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის - იმარჯვებს დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი. და ბოლოს, როგორ სამყაროში გვსურს ცხოვრება. რაც უკრაინასთან დაკავშირებით ვნახეთ, არის ის, რომ ეს ქვეყნები შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, დაექვემდებარონ კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას, დივერსიას და პოტენციურ თავდასხმებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. სხვადასხვა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ მათ ის აქვთ საერთო, რომ რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს თავისი ძალა, რათა დააშინოს ისინი ნაწილობრივ დივერსიით და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით ან სამხედრო შეჭრით.

2008 წელს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ისევე როგორც, რუსეთის ჯარები რჩებიან დნესტრისპირეთში, მოლდოვას ნაწილში. ასე რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც კი, ეს ქვეყნები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ რისკი გაიზარდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და გვჭირდება სერიოზული დისკუსია, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად რუსული საფრთხეების ფონზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

  • სტოლტენბერგმა 4 მარტს ასევე განაცხადა:

    მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს ურთიერთობა რუსეთთან ფუნდამენტურად შეიცვალა გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას დიპლომატიური არხების მიმართ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ესკალაციის, გაუგებრობის ან არასწორი გაანგარიშების თავიდან ასაცილებლად.


  • არის ერთი გაკვეთილი, რომელიც უკვე შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ კრიზისიდან. ამ სახიფათო მომენტში, ჩვენი ერების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჩვენ გვჭირდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა NATO-ში, სტრატეგიული სოლიდარობით. პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ჩვენი გაყოფა. NATO უფრო ერთიანი და უფრო ძლიერია.
  • რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ჩვენი კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება ფინეთთან და შვედეთთან. ორივე ქვეყანა ახლა მონაწილეობს NATO-ს ყველა კონსულტაციაში.