"საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2022 წლის 4 მარტს, გაეროს ადამიანის ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას.
"საქართველო შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას "რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - ნათქვამია უწყების მიერ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს; კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან იგი მოუწოდებს რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის მანდატი, მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების გამოძიებას და ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში.