განათლების სამინისტრო: ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლა იმყოფება, რაც წინა ორი კვირის მაჩვენებელთან შედარებით ასევე შემცირებულია. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 97-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს. 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში „კოვიდ-19“-ზე ტესტირების პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.