მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს: თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი

"უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს, ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი", - ასე მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.

„ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

„ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა