„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის ყველა ვარიანტის გავრცელების ძალიან სწრაფად შემცირება“, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი, აცხადებს.
„კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ვირუსის მუტაცია ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამას ველოდებოდით. დიდმა ბრიტანეთმა შეგვატყობინა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჯერ არ არის მტკიცებულება, გამოიწვევს თუ არა უფრო მეტ სიკვდილიანობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს მეცნიერებთან, რათა დაადგინოს ეს ცვლილებები ვირუსის ხასიათზე როგორ აისახება. ჩვენი მიზანია კორონავირუსის ყველა ვარიანტის გავრცელების შემცირება და ეს მოხდეს სწრაფად.
ეს წელი ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სამედიცინო პერსონალისთვის ამაზე მძიმე პერიოდი არ ყოფილა. სადღესასწაულო დღეებში სამედიცინო პერსონალისთვის საუკეთესო საჩუქარი მოქალაქეების მიერ სიფრთხილის გამოჩენაა. უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა გვაძლევს იმედს, მაგრამ ეს ვერ იქნება მიზეზი არ დავიცვათ წესები და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენოთ.
ჯერ კიდევ ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ვირუსი საფრთხეს მხოლოდ ხანდაზმულებს უქმნის და ვაქცინების გამოჩენის გამო ჩვენ შეგვიძლია მოვდუნდეთ. ამის საწინააღდეგოდ მინდა გითხრათ, რომ COVID19 -ით ინფიცირდებიან ბავშვები და მოზარდები. ვირუსს შეუძლია, შეტევა განახორციელოს ორგანიზმის ნებისმიერ სისტემაზე.
Covax -ისთვის ექსპერიმენტული ვაქცინის თითქმის 2 მილიარდი დოზა იქნება ხელმისაწვდომი. 2021 წლის დასაწყისში დამატებით 4,6 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნების მოსახლეობის 20 % ისთვის ვაქცინის შესაძენად. ვაქცინა დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში, მაგრამ COVID19-ის გავლენას წლების განმავლობაში ვიგრძნობთ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.