თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ პრობლემებს და პოლიტიკურ გადაწყვეტას გზას გაუხსნის. CNN-ის ცნობით, ერდოღანმა მოუწოდა პუტინს, „გზა გაუხსნას მშვიდობას“. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანმა ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, ყველანაირი წვლილი შეიტანოს უკრაინის პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა „გადაუდებელი ნაბიჯების მნიშვნელობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის“, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინულ მხარესთან და სხვა ქვეყნებთან. ამასთან, „აგრძელებს ძალისხმევას ყოვლისმომცველი მოლაპარაკებების გამართვისა და შედეგების მისაღწევად“.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს ტვიტერზე დაწერა, რომ ერდოღანთან რეგულარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „მადლობელი ვარ თურქეთის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საომარი მოქმედებების დასრულებას“, - დაწერა ზელენსკიმ.
კრემლის განცხადებით, პუტინმა უთხრა ერდოღანს, რომ რუსეთი შეაჩერებს „სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას და თუ მოსკოვის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში და კარგი კავშირები აქვს ორივესთან. ანკარამ რუსეთის შეჭრას მიუღებელი უწოდა და მოლაპარაკებების მასპინძლობა შესთავაზა, მაგრამ ის ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.