გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია განაახლა. ორგანიზაცია რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება. მათ შორის, 25 ბავშვია, 759 ადამიანი კი, დაშავდა. გაეროს ოფისი აქვე განმარტავს, რომ რეალური მაჩვენებლები სავარაუდოდ „საკმაოდ მაღალი“ იქნება.
„მოქალაქეებში მსხვერპლის უმეტესობა გამოიწვია სხვადასხვა იარაღის გამოყენებამ, მათ შორის საარტილერიო ცეცხლის გახსნამ და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებამ (სარაკეტო არტილერიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც აერთიანებს გამშვებ დანადგარს, რეაქტიულ ჭურვებს (რაკეტები, რეაქტიული სიღრმული ბომბები) ასევე, დამხმარე საშუალებებს დამტენი-მომარაგების მანქანის და სხვა საარტილერიო დანადგარების სახით). სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებმა“, - იუწყება გაეროს ოფისი.