საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. კიევს სურს, გაეროს მოსამართლეებმა რუსეთის თავდასხმა გენოციდად შეაფასონ და ამავე დროს, უარყოს მოსკოვის განცხადება, რომ უკრაინა ახორციელებდა გენოციდს ეთნიკური რუსების წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში.
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი, ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 26 თებერვალს შეიტანა.
ასევე მიმდინარეობს მეორე სასამართლო განხილვა სხვა საერთაშორისო სასამართლოში: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უკვე დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, არიან თუ არა პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ან კრემლის სხვა წამყვანი ფიგურები უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
ამ სასამართლოს ევალება საერთაშორისო სამართლის აღსრულება და პირთა ბრალეულობის დადგენა.