შსს-ს განცხადებით, ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.
უწყების განცხადებითვე, გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
„პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.
გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს. ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.
სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება,“ - წერია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარს თურქეთში პოლიტიკური გამოხმაურებაც მოჰყვა.
თურქი გულშემატკივრებისადმი მოპყრობა გააკრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა.
ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთმანეთს ესაუბრნენ თურქეთისა და საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები.
თურქული მედიასაშუალებები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ მინისტრი ჰაკან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ. თურქეთის მთავრობის ახალი ამბების სააგენტო Anadolu-ს ცნობითვე, ბათუმის მოედანზე იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
ცნობისთვის, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
მატჩი „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის დასასრულს ფეხბურთელებს შორისაც მოხდა დაპირისპირება.