შალვა პაპუაშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართოს

"არავის მივცემთ საშუალებას, რომ სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს – თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის – თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. იმ მანიპულაციას, რითაც ახლა ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი: საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ამას მოვუწოდებთ ხელისუფლება, რომ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რაც დღეს ხდება, როცა საქართველო რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ძალიან მძიმეა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება