მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ამ შეხვედრის შემდეგ, განაცხადები განსახილველად საფრანგეთის მიერ ევროპულ კომისიაში გაიგზავნება. მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ.

ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ.

„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს.