უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ჰუმანიტარული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკის საკითხებში გარკვეული პოზიტიური განვითარება არსებობს. მისი თქმით, „ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება საბაზისო პოლიტიკურ საკითხებზე - ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით".
„დღემდე არ არის რაიმე შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სიტუაციას. მიუხედავად ამისა, კონსულტაციები, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გაგრძელდება და შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. მან შეხვედრის დაწყებამდე ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
3 მარტს, მეორე რაუნდის დროს, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობასა და ამ მიზნით, ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა უკრაინული მხარე მუდმივად აცხადებს, რომ რუსეთი მაინც განაგრძობს მათი ტერიტორიების დაბომბვას და არღვევს შეთანხმებას.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება და მათი ხელმძღვანელობის მითითებები არ შეასრულეს.
„უკრაინულმა მხარემ იმის პირობა მოგვცა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ამუშავდება. გარდა ამისა, გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ. იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს, პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო, თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა მესამე რაუნდის შემდეგ.