უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე შეთანხმდნენ

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი ბელორუსში დასრულდა. უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა არ მოიტანა რაიმე შედეგი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ არსებობს „გამოსავალი მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის".

რადიო თავისუფლების ცნობით, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ორივე მხარე ძალისხმევას გამოიჩენს ევაკუაციის, ასევე სურსათის და მედიკამენტების მიწოდების მიზნით ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისთვის იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებულად მძაფრი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რათა დროებით შეწყდეს ცეცხლი იქ, სადაც წარმოებს ევაკუაცია.

„მხარეები შეთანხმდნენ მომავალ შეხვედრაზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ სამსააათიანი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მთავარი, რაზეც დღეს მიაღწიეს შეთანხმებას, სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხია.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი პუნქტი - სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და მესამე არის კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ორივე პოზიცია მკაფიოა და ჩაწერილია. ჩვენ მოვახერხეთ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება, მაგრამ მთავარი, რაზეც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, იყო სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხი. რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება“, - განუცხადა მედინსკიმ მედიას.

რუსული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ „რუსეთი 24“-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც „უახლოეს მომავალში“ გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა მოლაპარაკების წინ Twitter-ზე დაწერა, რომ დღის წესრიში შემდეგი საკითხები უნდა განეხილათ. 1. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 2. ზავი 3. ჰუმანიტარული დერეფნები დანგრეული ან მუდმივად დაბომბული სოფლებიდან/ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

შეგახსენებთ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.


უკრაინასა და რუსეთს შორის 6-საათიანი მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა